ებრაჰიმ რაისი, მკაცრი ხაზის მიმდევარი, ირანის უზენაეს ლიდერთან დაახლოებული ულტრაკონსერვატორი სასულიერო პირი, ირანის ახალი პრეზიდენტი გახდება.
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, ებრაჰიმ რაისი თავს წარმოაჩენდა როგორც საუკეთესო კანდიდატs კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
რაისი არის ირანის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევა.
უფლებადამცველები მიანიშნებენ მის სავარაუდო წვლილზე 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში.
ებრაჰიმ რაისი 1960 წელს მეშჰედში დაიბადა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ირანის სიდიდით მეორე ქალაქში. 15 წლის ასაკში სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში.
სტუდენტობისას ებრაჰიმ რაისი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ირანის შაჰის და ქვეყნის ვესტერნიზაციის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში, რომელიც 1979 წელს შაჰის რეჟიმის დამხობითა და ისლამური რესპუბლიკის დაფუძნებით დასრულდა.
რევოლუციის შემდეგ, რაისი მართლმსაჯულების სისტემას შეუერთდა და პროკურორად მსახურობდა სხვადასხვა ქალაქში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა აიათოლა ხამენეისთან, რომელიც 1981 წელს ირანის პრეზიდენტი გახდა.
25 წლის ასაკში თეირანის პროკურორის მოადგილე გახდა. ამ თანამდებობაზე მუშაობისას, იგი იყო 4 მოსამართლიდან ერთ-ერთი, რომელიც "სიკვდილის კომისიის" სახელით ცნობილ საიდუმლო ტრიბუნალზე პოლიტიკურ პატიმრებს ასამართლებდა.
ტრიბუნალმა "ხელახლა გაასამართლა" ათასობით პირი, რომლებიც უკვე პატიმრობაში იმყოფებოდნენ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობისთვის. უმეტესობა მათგანი მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფის წევრები იყვნენ.
ტრიბუნალის მიერ სიკვდილით დასჯილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა უფლებადამდცველი ორგანიზაციების ცნობით, ტრიბუნალის საქმიანობის ფარგლებში, 4000-მდე კაცი და ქალი დახვრიტეს და მასობრივ სასაფლაოებში დაკრძალეს, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
ისლამური რესპუბლიკის ლიდერები არ უარყოფენ სიკვდილით დასჯის ფაქტს, მაგრამ ისინი არ განიხილავენ ცალკეული შემთხვევების დეტალებსა და კანონიერებას.
ებრაჰიმ რაისს ამ ტრაგიკულ მოვლენებში საკუთარი წვლილი საჯაროდ არასდროს უღიარებია.
ხუთი წლის წინ გავრცელა აუდიოჩანაწერი 1988 წლის შეხვედრის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ებრაჰიმ რაისი, მართლმსაჯულების სისტემის კიდევ რამდენიმე წევრი და უზენაესი ლიდერის მოადგილე აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერი.
აუდიოჩანაწერში ისმის ხმა აიათოლა მონთაზერისა, სადაც ის სიკვდილის დასჯას აღწერს როგორც "ყველაზე დიდ დანაშაულს ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში".
დიდი აიათოლა მონთაზერი ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ ჰომეინის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მასთან განხეთქილება მოუვიდა ირან-ერაყის ომის წარმოებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
ერთი წლის შემდეგ, აიათოლა მონთაზერიმ დაკარგა აიათოლა ჰომეინის მემკვიდრის სტატუსი, ხოლო შემდეგი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გახდა.
შემდგომ წლებში, ებრაჰიმ რაისი მუშაობდა თეირანის პროკურორად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსად, მართლმსაჯულების სისტემის მეთაურის პირველ მოადგილეს. 2014 წელს ირანის გენერალურ პროკურორად დაინიშნა.
ორი წლის შემდეგ, აიათოლა ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი და უმდიდრესი რელიგიური ფონდის მეურვედ დანიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფონდი განაგებს აიათოლას სახელთან დაკავშირებულ ყველა სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას, სალოცავებს, ფლობს დიდძალ საკუთრებას მშენებლობის, სოფლიოს მეურნეობის, სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ფინანსების სექტორში.
2017 წელს ებრაჰიმ რაისმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ პირველივე ტურში დამარცხდა ჰასან როჰანისთან.
არჩევნებში დამარცხებას არ შეურყევია რაისის იმიჯი. 2019 წელს აიათოლა ხამენეიმ იგი დანიშნა მართლმსაჯულების სისტემის მეთაურად. რამდენიმე დღეში რაისი აირჩიეს ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი ლიდერის არჩევაზე.
როგორც მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელმა, რაისმა განახორციელა რეფორმები, რამაც ქვეყანაში შეამცირა სიკვდილით დასჯის რაოდენობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანი სიკვდილით დასჯის რაოდენობის მიხედვით, ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს, ჩინეთის გარდა.
როდესაც ებრაჰიმ რაისმა 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, განაცხადა, რომ იგი დამოუკიდებლად მოდის პოლიტიკურ სცენაზე, რათა ცვლილებები განახორციელოს ქვეყნის აღმასრულებელ მენეჯმენტში და ებრძოლოს სიღარიბეს, კორუფციასა და დისკრიმინაციას.
ცოტა რამ არის ცნობილი, ებრაჰიმ რაისის პირადი ცხოვრების შესახებ, გარდა იმისა, რომ მისი მეუღლე ჯამილეჰი, აიათოლა აჰმად ალამოლოდას ქალიშვილი, თეირანის შაჰიდ ბეშეტის უნივერსიტეტში ასწავლის, და მათ ორი შვილი ჰყავთ.