თეირანში ებრაჰიმ რაისის ირანის პრეზიდენტად დამტკიცების ცერემონიალი გაიმართა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომლის ხელშია თავმოყრილი რეალური ძალაუფლება, ირანის არჩეულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს უფლებამოსილების დამტკიცების რწმუნებულება გადასცა.
ებრაჰიმ რაისი 5 აგვისტოს ირანის მეჯლისში, კანონმდებლების წინაშე საპრეზიდენტო ფიცს დადებს და ახალი მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს, რის შემდეგაც იგი ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის განხორციელებას.
აიათოლა ხამენეიმ მოუწოდა ირანელ კანონმდებლოს შეუფერხებლად წარმართონ ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა, რათა ქვეყანა დაუყოვნებლივ შეუდგეს წინსვლას ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
ებრაჰიმ რაისი, რომელმაც 18 ივნისს გამართლ არჩევნებში გაიმარჯვა, ცნობილია როგორც მკაცრი ხაზის მიმდევარი, ირანის უზენაეს ლიდერთან დაახლოებული ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი.
მანამდე, ებრაჰიმ რაისი ირანის მართლმსაჯულებას ხელმძღვანელობდა.
ებრაჰიმ რაისი დაკავშირებული იყო ირანში 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში. სწორედ ამიტომ, ირანის ახალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში იმყოფება.