ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: ,,ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები პერმანენტულად იზრდება და დღეისათვის შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe -ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - 88.00 დოლარს ბარელზე; ნიუ-იორკში Nეწ York Mercantile Exchange -ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 86.49 დოლარს ბარელზე.
ეს ფასი გახლავთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში, კერძოდ 2008 წლის აგვისტოს თვის შემდეგ, როდესაც დაფიქსირდა ნავთობზე ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ნავთობის ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო და 2008 წლის ბოლოსთვის დაეცა 40-45 დოლარამდე ბარელზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მერყეობდა ძირითადში 70-78 დოლარის ფარგლებში. ოქტომბრის თვიდან კი ნავთობის ფასმა მატება დაიწყო და გაიზარდა 86-88 დოლარამდე ბარელზე.
ბოლო დღეებში ნავთობის ფასის მკვეთრი მატების მიზეზი გახლავთ შემდეგი: წინა ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადაწყვიტა ამერიკის ეკონომიკური სტიმულირებისათვის 600 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც მთლიანად მიმართული იქნება ამერიკის ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღებისათვის. მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხდება სასაქონლო ნედლეულის ბაზრებზე, რაც შესაბამისად გაზრდის მოთხოვნილებას ყველა სახის სასაქონლო ნედლეულზე.