შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის - ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა კრიპტოვალუტებზე წნეხი გაზარდა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ჯერომ პაუელის თქმით, კრიპტოვალუტები ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მიანიშნა, რომ შესაძლოა სულ უფრო პოპულარული ელექტრონული ვალუტის რეგულაციების შემოღება გახდეს საჭირო.
იმავდროულად, ხაზინის დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა მდიდარმა პირებმა მეტწილად არარეგულირებული სექტორი, გადასახადების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენონ და განაცხადა, რომ სურს კრიპტო-აქტივების გაცვლა-გადაცემის შესახებ ხელისუფლებას სავალდებულო წესით შეატყობინონ.
ეს ორი განცხადება გაკეთდა იმ კვირაში, როდესაც ოთხშაბათს, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 30 პროცენტით გაუფასურდა. ვარდნა ჩინეთის განცხადების შემდეგ მოხდა, რომელმაც ამ სექტორს ახალი შეზღუდვები დაუწესა, რამაც კრიპტოვალუტის მერყეობას ხაზი გაუსვა.
ხაზინის დეპარტამენტის წინადადება, რომელიც წარმოადგინეს, როგორც დეპარტამენტის პოლიტიკის ნაწილი, დეტალურად აღწერს ბაიდენის ადმინისტრაციის 80 მილიარდიან გეგმას, რომელიც შემოსავლების სამსახურის გააქტიურების გზით, მოსაკრებელის გაზრდას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურს კრიპტოაქტივების საკითხის მოსაგვარებლად დამატებით რესურსს მისცემს.
კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების სავალდებულო შეტყობინების სისტემამ შესაძლოა მთავრობას მისცეს იმის ცოდნა, თუ ამერიკული კომპანიები საკუთარ მონაცემთა ბაზებზე წვდომის დასაბრუნებლად, როგორ უხდიან ჰაკერებს გამოსასყიდს, რაც თითქმის ყოველთვის კრიპტოვალუტით ხდება.
სამართალდამცავები და კერძო სექტორის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ჩივიან, რომ გაუმჭვირვალე გარემო, რომელიც გამოსასყიდის მისაღები პროგრამების გამოყენების შემთხვევების გარშემოა, ასეთი შემთხვევების განმეორებას უწყობს ხელს.