ოფიციალური თბილისი ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების გათავისუფლების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბურჯალიანმა გააკეთა.
საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს ოთხი ქართველი არასრულწლოვანის დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, ევროსასამართლომ დაავალდებულოს რუსეთის ხელისუფლება, მოზარდები სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული.
წერილში ასევე საუბარია ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებითაც, კერძოდ სოფელ გრემისხევიდან გატაცებული 16 ქართველის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით ხუთდღიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
წერილში ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტები რუსი მესაზღვრეების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს.
"იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტრასბურგში, რათა სასამართლომ დაავალდებულოს რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ 4 ქართველი მოზარდი, რომელიც უკვე ორი კვირაა ტყვეობაში იმყოფება. ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროსასამართლომ გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას დაევალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავოს ყველა მოქმედებებისაგან, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", _ განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.