ორთაჭალაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის, თამაზ მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ორი ბრალდებული, რომლებმაც, სავარაუდოდ, საქართველო დატოვეს, ამნისტირებული ან შეწყალებული პირები არიან.
"ორივე პირი, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, ნასამართლევია და ჩვენი ინფორმაციით, მათ ახლახან დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. დასაზუსტებელია ეს არის ამნისტირებული თუ შეწყალებული პირი. ჩემი ინფორმაციით, ნარკოტიკულ დანაშაულზე იხდიდნენ [სასჯელს]" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. თამაზ მთივლიშვილს 16 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მან თანამშრომლები საშაურმეში დაპატიჟა, ხოლო მეორე დღეს ისინი დაბადების დღის აღნიშვნის გასაგრძელებლად გიორგი პაპაშვილის ბინაში შეიკრიბნენ. სწორედ აქ მოხდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მთივლიშვილსა და პაპაშვილს შორის, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
პროკურორის ინფორმაციით, ირკვევა, რომ ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.
მომხდარს 4 ახალგაზრდა უყურებდა, მათ შორის ერთი გოგონა. ისინი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ. როგორც პროკურორმა პროცესზე თქვა, შეუტყობინელობაში მხილებულემა ოთხმა ახალგაზრდამ გიორგი პაპაშვილს ხელი შეუწყო, რომ დანაშაულის ადგილი დაეტოვებინა. მათ პაპაშვილის ბინაში ჯერ კიდევ ცოცხალი თაზო მთივლიშვილი ჩაკეტეს და გაიქცნენ.