საქართველოს ტერიტორიის გავლით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეძლებს და არც განახორციელებს თავის საქმიანობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი. მისივე თქმით, ოსი სეპარატისტები მზად არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გავლით.
ჩოჩიევმა ეს კომენტარი საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედების მიღებული ახალი წესების კომენტირებისას გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ნებისმიერი სტრატეგიები და დადგენილებები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ. სამხრეთ ოსეთს კი არც საქართველოსთან, არც მის სახელმწიფო მინისტრებთან და არც მის მიერ შემუშავებულ დადგენილებებთან არავითარი კავშირი არა აქვს", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების დადგენილების გარეშეც კი 2008 წლის აგვისტოდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს გავლით არ მუშაობს, "თუმცა მსურველი ბევრია", - აცხადებს ჩოჩიევი.
"იმ ქვეყნიდან, რომელიც დღეს უარს აცხადებს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ჩვენ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაცია არ შემოვუშვებთ. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს გავლით!", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მხედველობაში მიიღებენ საქართველოს მიერ შემუშავებულ ამ დადგენილებას დაადასტურებენ თავიანთ თანამონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში.
"იმ შემთხვევაში თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დადგენილებით იხელმძღვანელებენ ეს იქნება ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის ხაზგასმა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება. არამგონია რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დადგენილება მხედველობაში მიიღოს. ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის იმ შემთხვევაში თუკი მათი მუშაობა რუსეთის გავლით განხორციელდება", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქმიანობენ, თავიანთი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ საკითხში საქართველოს ხელისუფლების წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი 21 სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლის წარმოდგენილ წინადადებებს და თავის შენიშვნებსა და პროექტზე თანხმობას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ თავისი პროტესტი უკვე გამოთქვეს აფხაზმა სეპარატისტებმა და განაცხადეს, რომ "ყოველივე ეს აფხაზეთისათვის რა თქმა უნდა მიუღებელია".
მასალის გამოყენების პირობები