ამერიკელმა ექიმმა ომარ ატიკმა თავისი კლინიკის 200 ონკოპაციენტს 650 000 დოლარის მკურნალობის გადასახადი ჩამოაწერა.
ომარ ატიკმა არკანზასის შტატში მდებარე თავისი კიბოს მკურნალობის ცენტრი 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ, შარშან დახურა.
ონკოლოგი სესხების ამომღებ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა გადასახადების ამოღებაზე, მაგრამ მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ პანდემიის შედეგად ბევრი ოჯახი ფინანსურად დაზარალდა. ამიტომ ექიმმა ატიკმა შობის დღეს ყველა თავის პაციენტს წერილი მისწერა და უთხრა, რომ მათი დავალიანება განულებული იყო.
"დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ გადახდის საშუალება არ აქვთ", - განუცხადა დოქტორ ატიკმა ტელეკომპანია ABC-ის გადაცემა Good Morning America-ს.
"მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვფიქრობდით ამ ადამიანებისა და მათი დავალიანების განულების შესახებ. ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება და გავაკეთეთ კიდეც", - დასძინა ომარ ატიკმა.
დოქტორმა ატიკმა, რომელიც წარმოშობით პაკისტანიდან არის, 1991 წელს დააარსა არკანზასის კიბოს კლინიკა ქალაქ პაინ ბლაფში, რომელიც უზრუნველყოფდა კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას, მათ შორის ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და CAT სკანირებას. ახლა ომარ ატიკი არის არკანზასის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი.