ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გაავრცელა.
პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ცხედარს ინექციის კვალი არ აღენიშნება.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით ოთხი დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.
ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.