გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აქციას გამართავენ კვირას, 30 აგვისტოს, 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე დედა თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად,რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად.
მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს, კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის.მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება მკვლელები.
გეშინოდეთ მკვლელებო!!! რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია. თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების. არა მკვლელობას!!! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!!!", - წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.
ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.