მაინტერესებდა თამარის მოსაძებნად რომ წავედით, საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა. თურმე, სიბნელის ეშინია გარკვეულ ლოკაციაზე. უბანში და ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში, რატომღაც ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ძმაც იქ იყო, - ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც მისი შვილის მეგობრის, დეა კაპანაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა.
„შეიძლება მარტო შეგეშინდეს წასვლა, მაგრამ დედასთან და ძმასთან ერთად რატომ? ამ ვერსიის არ გვჯერა. ალბათ, რაღაც იცის და ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტის შესახებ რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა. არ არის გამორიცხული ზეწოლაც იყოს და შიშიც. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა, ხუთივე განსხვავებულია. ავტომობილთან დაკავშირებითაც დავსვი კითხვა, სად წავიდნენ ავტომობილები. აღმოჩნდა, რომ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე შევიდნენ და რა უნდა სამთავრობო მანქანებს შავნაბადის სამხედრო ბაზაზე ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამცეს. მოვითხოვეთ, რომ სხვა ექსპერტები ჩამოვიდნენ, თუმცა მათ ჩამოსვლას აზრი არ აქვს, რადგან ამათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, ისინი ან დაასაბუთებენ ან არა. მაინტერესებს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს. დასკვნა თვის ბოლოს უნდა იყოს“, - განაცხადა თამაზაშვილმა.