გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოში აშშ-ის ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ. ისინი აქციას ამერიკის საელჩოსთან მართავდნენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნა, თავიანთი შვილის სიკვდილის გამოძიებაში FBI-ს ჩართვაა.
როგორც გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ელჩის წარმომადგენელმა საქმის მოკლე დროში გახსნასთან დაკავშირებით, დახმარების იმედი მისცა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ როდის შეხვდება ოჯახი ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.
“პატარა იმედი მოგვეცა, დაგვეხმარებიან ყველაფერში, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთო. ინფორმაცია მივაწოდეთ რაც ხდება ამ უსამართლო გამომძიებლებთან. გულთან ახლოს მიიტანეს ყველაფერი და დაგეხმარებით ყველაფრითო. როდის შევხვდებით ამერიკის ელჩს, ამ დღეებში მეცოდინება“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს პროკურატურა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას დათანხმდება, ამერიკის საელჩო მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ თუ პროკურატურა აღნიშნულზე უარს იტყვის "თავს დაიღუპავს და დაამტკიცებს, რომ თავად არის დამნაშავე".