თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ეჭვობს, რომ მომხდარის მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურთან არის დაკავშირებული.
„ეჭვი მაქვს სამსახურზე, ყოველდღე, ახალი წლის შემდეგ, ბავშვი სახლში მოდიოდა უხასიათოდ სამსახურიდან. არ იძახდა სახლში, რაზე მუშაობდა და იმის უბედურებაც ეგ არის. იქნება დავხმარებოდი, თუ რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არ მეუბნებოდა. ამ პრობლემამ ჩაითრია ჩვენი ბავშვი, სამსახურიდან მოდის ეს ამბავი. ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა. შეიძლება ვიღაც აწუხებდა და არ ეშვებოდა“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა იმიტომ არის საჭირო, რომ საეჭვო რაღაცები ჩანს.
ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ძებნისას გზაზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დღეს ავტომობილი იპოვეს, რამდენჯერმე გაიარეს, თუმცა არაფერი შეუმჩნევიათ.
„უკანა სავარძელზე იყო. ვერც მივედი. ისეთ დღეშია, ისეთი ფერი აქვს, რომ ადამიანი ვერ უყურებს. სოფელში არავის იცნობდა. ამ გზაზე ბევრჯერ გაგვივლია, ვინ მოიფიქრებდა, რომ აქ რაღაც იყო. ნაკვალევთან დაკავშირებითაც ეჭვი მეპარება, ჯერ საკითხავია რა იქნება. გვამი ცოტა დიდი ხნის ჩანს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
კომპანიის თანამშრომელი თამარ კობერიძე ამბობს, რომ გარდაცვლილთან ბოლო კონტაქტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, როდესაც დაბადების დღე მიულოცა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა რა მიზეზით, ეს მისთვის უცნობია. თამარ კობერიძე ამბობს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურს, კობერიძემ აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილი სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.