თბილისში, ილ. ჭავჭავაძის 15 ნომერში, კომპანია „ZEG“-ის ოფისში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შევიდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ZEG-ის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი სამსახურიდან აღელვებული ბრუნდებოდა. მისივე თქმით, შენობასთან, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა ორჯერ მივიდა, თუმცა კარზე არავითარი წარწერა არ იყო და ოფისის პოვნა ვერ შეძლო.
„გაბრაზებული, აღელვებული მოდიოდა გვიან. ასჯერ ვუთხარი დაენებებინა ამ სამსახურისთვის თავი. არ მეუბნებოდა არაფერს. ორჯერ მივედი იმ კორპუსთან სადაც მუშაობდა და არ შემიშვა. ერთხელ შევედი არც წარწერები და არაფერი არ იყო და ისევ გამოვედი“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.
კომპანიის თანამშრომელი თამარ კობერიძე ამბობს, რომ გარდაცვლილთან ბოლო კონტაქტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, როდესაც დაბადების დღე მიულოცა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა რა მიზეზით, ეს მისთვის უცნობია. თამარ კობერიძე ამბობს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურს, კობერიძემ აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.
კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.