უკრაინა გმობს რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებს, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონო დაკავებაში.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ამგვარი პროვოკაციული ქმედებები არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევა და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას.
დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის რეალიზებით რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების სისტემატურად და უპრეცედენტოდ დარღვევას.
უკრაინა კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაუბრკოლებლად უზრუნველყოს უფლებადამცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების გადაადგილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, გაათავისუფლოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი 11 ივლისს დააკავეს.
მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იგი საოკუპაციო ძალების მიერ იყო დაჭრილი.
საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც დაგმო მომხდარი ფაქტი და საოკუპაციო ძალებს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომაც მოუწოდა.
საქართველოს მოქალაქის დაჭრა და დაკავება დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.