ამერიკის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ.
ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი 11 ივლისს დააკავეს.
მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იგი საოკუპაციო ძალების მიერ იყო დაჭრილი.
საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც დაგმო მომხდარი ფაქტი და საოკუპაციო ძალებს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.