ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზია ამოქმედებული.
"მისია ხელს უწყობდა მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სავარაუდო სროლის ინცინდენტსა და შემდგომ დაკავების საქმეს.
ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას, როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობას რეგულარული დიალოგისა და ნდობის აღდგენის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრა და დაკავება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო.