ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანია საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის მექანიზმის შემოღების თაობაზე ხელისუფლების ნებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ეს თავად ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება უარყოფითი.
"როცა საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის მექანიზმის გამოყენება ხდება და საზოგადოებას ეკითხებიან, უნდათ თუ არა მათ გადასახადების გაზრდა, პასუხი ყოველთვის უარყოფითია. ხალხი თავისი ნებით არასდროს შეუწყობს ხელს გადასახადების გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეკონომიკაში დგება ჟამი, როცა რომელიმე გადასახადის ერთი-ორი პროცენტით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდაა საჭირო. ასეთი შემზღუდავი მექანიზმით კი, ხელისუფლება მას ვერასდროს გაზრდის", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ნარმანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საგადასახადო ცვლილების დროს რეფერენდუმის მექანიზმის ჩადებას "გარკვეული სიფრთხილით უნდა მოჰკიდებოდა".
"თუმცა პრეცენდენტი იმისა, რომ ხელისუფლება ეკითხება ხალხს, მისასალმებელია", - განმარტა ნარმანიამ.