საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Radio France-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარების შანსის გამოუყენებლობას .
„პოლიტიკაში ვერასოდეს იტყვით საბოლოო დასასრულს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ვერ გამოვიყენეთ დღეს ეს ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინამ მოგვანიჭა, მისი ტრაგედიიდან გამომდინარე, რაც ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში გამოიხატა. ჩვენ ეს პროცესი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, წინ წავედით, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ბევრი სხვა, და ქვეყნის შიგნით ინსტიტუციების შენება....
ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. ამას გვეუბნებიან უფრო და უფრო მკაფიოდ ევროპელები, ამერიკელები სანქციებით, რომლებსაც აწესებენ. ისინი გვეუბნებიან, ,,გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც გსურთ, თავისუფალი ხართ თქვენს არჩევანში, და როდესაც გააკეთებთ არჩევანს, იქნება ან დაჩქარება ....“, მე აქ მოვედი ჩემი ევროპელი კოლეგების სანახავად და დასარწმუნებლად, რომ როდესაც გავაკეთებთ არჩევანს, და მივიღებთ ჩვენთვის სასურველ რეჟიმს, ევროპულ გზაზე დაბრუნება დაჩქარდება“, - არნიშნა პრეზიდენტმა..
შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ პრორუსული პარტია გაიმარჯვებს, რა მოხდება ქვეყნის შიგნით? სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყება რეპრესიები.
„ყველაფერს ვშიშობ, უპირველეს ყოვლისა, იქნება რეპრესიები, რომლებიც საჯაროდ დააანონსა ბატონმა ივანიშვილმა, ,,ქართული ოცნების“ ნამდვილმა ლიდერმა. მან საარჩევნო განცხადებაში ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებზე ისაუბრა. ეს რუსული მეთოდია. არის ოლიგარქების შესახებ კანონი, რომელიც მთავარი კანონის გამო ცოტა ყურადღების მიღმა დარჩა. ეს არის კანონი ოფშორების შესახებ, რომელიც საქართველოს სანქცირებული, ან დასასანქცირებელი რუსი ოლიგარქების თავშესაფრად აქცევს. არის კანონების მთელი სერია, როგორც LGBT კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ. გავხდებით რუსულის მსგავსი საზოგადოება, სრული კონტროლის ქვეშ. უნდა დავემშვიდობოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ყველა იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 1930 წლიდან. ჩვენთვის 1921 წელის არის თარიღი, როდესაც საქართველო სამხედრო წესით იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ, გასულ საუკუნეში. ეს ნამდვილად ეგზისტენციალური გამოწვევაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით ეგზისტენციალური გამოწვევის პირისპირ ელოდება ევროკავშირისგან დასტურს, რომ საქართველოს გზა გახსნილი აქვს.
„ველოდები დასტურს, რომ ჩვენ გახსნილი გზა გვაქვს და შეგვიძლია მას დავუბრუნდეთ. დღეს ვერავინ მოიგებს ამ არჩევნებს, თუ არ იქნება მოსახლეობის დიდი მობილიზაცია. მას არ უნდა შეეშინდეს, არ უნდა დარჩეს სახლში. ჩვენი დიასპორა ძალიან აქტიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცოტა საშუალება ეძლევა...
500 000 ახალგაზრდა პირველად აძლევს ხმას, ისინი თბილისის მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ, ჩვენ ყველამ ვნახეთ ისინი ეკრანებზე. ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ისინი თავისუფალნი არიან, ეს თაობა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიბადა და მათზე რუსული საშუალებები და მეთოდები არ მოქმედებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.