დასკვნებში ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში იკვეთება არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური მოტივაცია! – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
"დღეს გამოქვეყნებული დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ "ოცნებამ" როგორც ნიანგმა საკუთარი შვილები, ისე შეჭამა სამართლიანი და პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალი მართლმსაჯულების დაპირება.
ახლა დგანან და ნიანგის ცრემლებით ტირიან: ჩვენთან პოლიტიკური მართლმსაჯულება არ ხორციელდება, ეგ მხოლოდ ძველ დროს იყოო.
ფიცი გვწამს, მაგრამ ამ დასკვნას რას პასუხობთ? რას პასუხობთ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას? Freedom House-ის დასკვნას? საქართველოს სახალხო დამცველის და კონსტიტუციის 42-ე მუხლის დასკვნას? ამ დასკვნებში ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქმეში იკვეთება არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური მოტივაცია!
დღეს გამოქვეყნდა კიდევ ერთი ნეიტრალური, საქმისადმი მიკერძოების არმქონე ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. ეს დასკვნაც ამბობს, რომ ამ საქმეში არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ე.ი. არ არსებობს დანაშაული!
ექსპერტის შესარჩევად გამოცხადებული იყო ღია კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით.
დასკვნა ძალიან დეტალურია და ყველა კითხვას სცემს პასუხს მაღალი პროფესიონალიზმით და ფაქტებზე დაყრდნობით. დეტალებს აქ არ მოვყვები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მაინც გამოვყოფ იმ ორ ფრაზას, რამაც მიიქცია ჩემი განსაკუთრებული ყურადღება:
"საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა - რაც დასკვნაში დადგენილია, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას".
და ეს:
საქმის მასალების შესწავლის გარდა, ექსპერტი "შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.