ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.
ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს იმერეთის აგროზონის დირექტორი არჩილ ბუკია რამდენიმე ფერმერის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
ერთ-ერთი მათგანია სახელმწიფო პროგრამებით, ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანია ,,მწვანე მდელო“. კომპანია საგაზაფხულო სამუშაოებს უსაფრთხოების ყველა ნორმისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწარმოებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში კომპანია ფლობს დაახლოებით 27 ჰექტარ მიწას და დამატებით 8 ჰექტარი არენდით აქვს აღებული სახელმწიფოსგან. 15 ჰექტარზე ლურჯი მოცვის კულტურა, ხოლო დანარჩენზე მწვანილის სახეობები იწარმოება.
გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 55000 კგ მწვანილის ექსპორტი და რეექსპორტი განახორციელა ევროპის მიმართულებით. სამუშაოები დაწყებულია საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია.
გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში, მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდა, რაც ხელშ შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას. საგაზაფხულო სამუშაოები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.