სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
"ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.
ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად!
ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.
არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.
ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად.
ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი - ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.
ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის.
"ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება", - მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.