აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და გამოეხმაურა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ.
ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული.
ხარჯების შემცირება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას.
ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში.