კატარში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითის შეხვდა. შეხვედრაზე კატარის მხარემ ინტერესი გამოთქვა აბრეშუმის გზის გავლით უფრო მეტად დივერსიფიცირებული სატრანსპორტო გასასვლელი მოიპოვოს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩვენს დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტული გზა შესთავაზა.
„კატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ასევე აინტერესებთ ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. დღეს უკვე არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც კატარული ტვირთი მოძრაობს ჩვენს დერეფანში, მაგრამ გვინდა, უფრო სისტემური ხასიათი მივცეთ ამ ტვირთების მოძრაობას და კატარელები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში შემოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, კატარის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მოლაპარაკება გაიმართა საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დოჰა-ბათუმის პირდაპირი რეისების განხორციელებას სეზონურად.
„როგორც იცით, კატარის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავს - კვირაში 14 რეისს ასრულებს დოჰა-თბილისის მიმართულებით. ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის რეისის დამატებაც, თუნდაც სეზონურად და უახლოეს ხანებში ველოდებით მათგან პასუხს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.