ბათუმი მსოფლიო ტურიზმის მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის მასტერკლასი რეგიონში პირველად იმართება.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ტურიზმის განვითარებაზე და აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა:
"მისასალმებელია, რომ მსოფლიოს ტურიზმის მასტერკლასი ტარდება ბათუმში. ის წარმატებები, რომელიც გვაქვს ტურიზმის მიმართულებით არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით გვაქვს თანმიმდევრული, მზარდი დინამიკა. მთავარ გამოწვევად რჩება არასეზონური ტურიზმის დინამიკა. სწორედ ასეთი კორპორატიული შეხვედრები უზრუნველყოფს, რომ მოვახდინოთ მაქსიმალური დივერსიფიცირება.
საზღვაო ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აღიარებული წარმატება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გარდა ტრადიციული ზაფხულის სეზონისა მნიშვნელოვანია ყოველი თვე დატვირთული იყოს, ვინაიდან ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა რეგიონში არის საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარების წინაპირობა.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ბათუმი დასახელდა რამდენიმე პრესტიჟული მიმართულებით ერთ-ერთ აღიარებულ ტურისტულ ადგილად.
წელს World Travel Awards-ის მიერ ბათუმი დასახელდა ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს აჭარის პოზიციონირება", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
საერთაშორისო მასტერკლასი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, კონგრესებისა და კონფერენციების მოზიდვას საქართველოში.
მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებას როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.