თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამსრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდი "კომანდან ბირო" ბათუმს ეწვევა 2019 წლის 22-25 ნოემბერს. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
"დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომელიც მე-10 ნავმისადგომთან გაიმართება პარასკევს, 22 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და "კომანდან ბირო"-ს მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები (შინაგან საქმეთა სამინისტრო) და სპეციალური ოპერაციების ძალები (თავდაცვის სამინისტრო) ისარგებლებენ გემის ვიზიტით, რათა ერთობლივი სწავლება ჩაატარონ, რომელიც ორშაბათს, 25 ნოემბერს, "კომანდან ბირო"-ს პორტიდან გასვლის დროს, ღია ზღვაში, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გაიმართება", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.