ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელი ფეისბუქით გამოეხმაურა.
მომღერალი ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანის თავისფალი გამოხატვისა და კონსტიტუციური უფლებების დაცვისკენ.
„ამაზრზენია ის მოძალადე, არაადეკვატური, გაუნათლებელი ბრბო რომელიც დღეს თავს დაესხა ადამიანებს მხოლოდ მათი განსხვავებული ცხოვრების წესის და აზროვნების გამო!
ამაზრზენია რომ ამ უსუსურ, ლაჩარ მთავრობას ადამიანის კონსტიტუციური უფლების დაცვაც კი არ შეუძლია. პოზიციის დაფიქსირებისაც კი ეშინიათ!
შეწყვიტეთ ეს მარაზმი და მოძალადეებს საჭირო ადგილი მიუჩინეთ! მოძალადის ადგილი ციხეშია! ნუ ძალადობთ რელიგიის და მორალის სახელით,თქვენ სხვებზე უკეთესი არაფრით ხართ!
ამაზრზენია რაც ხდება!“,- აღნიშნა მომღერალმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას.
მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარალელური აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხებოდნენ მათ.
გვიან ღამით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.