საქართველოს საპატრიარქო თბილისში, 18-23 ივნისს დაგეგმილ ლგბტ პრაიდს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ეკლესიას თბილისში ლგბტ პრაიდის ჩატარება ყოვლად მიუღებლად მიაჩნია და მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.
"როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.
ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და აცნობიერებენ დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ლგბტ პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს.
"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს", - წერია განცხადებაში.