ლევან ვასაძემ, კანცელარიის წინ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს საქართველოში გეი პრაიდის ჩატარებას. ვასაძის განცხადებით, დეტალურ განმარტებას სამოქმედო გეგმაზე ხვალ გააკეთებენ.
"არ დავუშვებთ გარყვნილების არანაირ საჯარო დემონსტრაციას საქართველოში. არასოდეს არცერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მინდორში, არც სკვერში, არც მთაზე, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში და არც ტბაზე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არც კვირეულს, არც შვიდწამეულს, არც შვიდდღეულს, არც შვიდწლეულს. არასოდეს ეს არ მოხდება. თუ როგორ აღვუდგებით ჩვენ ამას წინ, მომავალ კვირას, ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ დეტალურ განმარტებას, იმ შეკრებაზე, რომლის ადგილსა და დროსაც ჩვენ დავაანონსებთ ხვალ“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, კანცელარიის წინ, რადიკალური ჯგუფების კონტრაქციაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია იმართება.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას. მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.