სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უარი თქვა ამავე სასამართლოს პროკურორის მოთხოვნაზე, დაიწყოს გამოძიება ავღანეთში კონფლიქტის მიმდინარეობისას სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებზე.
დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღების არგუმენტებად მტკიცებულებათა ნაკლებობა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოების სავარაუდოდ მოსალოდნელი არასაკმარისი თანამშრომლობა დაასახელა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ავღანეთში გამოძიების დაწყება არ შეესაბამება მართლმსაჯულების ინტერესებს და შესაბამისად იგი უარყოფს გამოძიების დაწყების მოთხოვნას“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
2017 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოსგან მოითხოვა ნებართვა, რათა დაეწყო ავღანეთში გამოძიება 2003 წლის მაისიდან ქვეყნის ეროვნული უსაფრთოხების ძალების, თალიბანის, ასევე აშშ-ის სამხედრო ძალებისა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების წინააღმდეგ.
მიმდინარე წლის 5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფატუ ბენსუდას აღნიშნული გამოძიების დაწყების გამო აშშ-ის ვიზა გაუუქმა.
გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი იძულებული იქნება გაუუქმოს ამერიკის ვიზა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებს, რომლებიც გამოიძიებენ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს.