დუბლინში, საქართველოს საელჩოში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის". ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს მიეძღვნა
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის თავგანწირვამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის მომავალზე და 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გიორგი ზურაბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა გარდამავალი პერიოდის სირთულეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ამჟამინდელ მთავარ გამოწვევას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, რასაც, ქართული მხარის ხედვით, ალტერნატივა არ გააჩნია კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, ქართველი სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და განიხილეს საკითხი ფართო ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში.
ღონისძიების მსვლელობისას, საელჩოში განთავსებული იყო ფოტო - გამოფენა „საქართველოს ისტორიის დამოუკიდებლობის 100 წელი".