20:00 საათზე საქართველოს საპრეზოდენტო არჩევნებში მონაწილეთათვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.
ამასთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს, ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.