ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში შექმნილი პრობლემების გამო, სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, ამ წუთებისთვის ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირებულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ შესასვლელი, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.
„წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოვარდნილი წყლის მასის გამო, მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.
ამ წუთებისთვის მეხანძრე-მაშველები ხუთი სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.