ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის მერქანით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა, თუმცა ხაშურის პოლიციის დახმარებით მოხდა ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება.
უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.