აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ზურაბ პატარაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ.
2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - საკუთრების მფლობელი 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებსაც შეხვდა.
ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი", რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად, პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და გასავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.
(NS)