ამიერიდან მეწარმე ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, საგადასახადო უწყებაში ერთ გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტს წარადგენს. ინიციატივა ფინანსთა მინისტრს ეკუთვნის. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივები დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.
„ფინანსთა სამინისტრომ ახლახან წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. რეალურად ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი სამი ახალი ინიციატივა ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები. პირველი რეფორმის თანახმად, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, იქნება ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ამით, ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი და მეორე ინიციატივა სწორედ ამას გულისხმობს.