ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოში დღეს გამოკვლეული ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ დანა გარდა ბრალდებული ორი არასრულწლოვანისა, სხვა მოზარდებსაც ჰქონდათ.
„სხდომაზე გამოვიკვლიეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. ეს ჩანაწერები დაცვის მხარის პოზიციას სრულყოფილად ადასტურებს. ეს მტკიცებულებები ბევრ ისეთ გარემოებას ადასტურებს, რომელიც ზუსტად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში.
აღნიშნული ჩანაწერებით დასტურდება, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და დიდი ალბათობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ჩემი აზრით, სასამართლომ უტყუარად უნდა დაინახოს რომ სხვა პირებმა მიაყენეს გარდაცვლილს ჭრილობები და სამწუხაროდ, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. გამოძიებას ობიექტურად რომ გამოეძია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, აუცილებლად მიცემდა კონკრეტულ პირებს პასუხისგებაში. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ეს არ გააკეთა.
დღეს საქმეს ახალი ექპერტიზის დასკვნაც დაერთო, საიდანაც დასტურდება ყველაფერი ის, რაზეც დაცვის მხარე პირველივე დღიდან ვაპელირებდით. დასტურდება სხვა პიროვნების გარდაცვლილთან პირდაპირი შემხებლობა. სავარუდოდ, სწორედ მანაც მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც დაიკითხებიან ბრალდებულები, ასევე სხვა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, საზოგადოება და სასამართლო დაცვის მხარის პოზიციის მართებულობაში დარწმუნდება“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
ის დღეს გამოკვლეულ ფარულ ჩანაწერებს განსკუთრებულად მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან მოწმეთა მიერ საასმართლოში მიცემული ჩვენები და ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაციები ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.