თბილსის უზენაეს სასამართლოში დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს იკვლევდნენ.
როგორც საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, აღნიშნულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში მოზარდები პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ.
„ეს არის სამ პირთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ მათი საუბრების ამსახველი ვიდეომასალა. ხსენებულ მასალაში ასახული ინფორმაცია, ასევე სხვა მტკიცებულებები ბრალდების მხარეს აძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მტკიცებულებები დასკვნით სიტყვაშიც გამოიყენოს, რათა სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. ხსენებულ ფარულ ჩანაწერებში ეს პირები ასევე საუბრობენ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები,თუ ვინ რას მოქმედებდა, ასვე ვის მიერ, როგორ, რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება.
ჩვენ გვაქვს ერთი მოლოდინი, რომ ამ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გათვალისწინებით, ასევე სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი“, - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.