მიმდინარე წლის ბოლომდე კურორტ "გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა იგეგმება, საიდანაც სამომავლოდ, ზამთრის სეზონზე რეგულარული ფრენები განხორციელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, მომდევნო ტურისტულ სეზონზე კურორტზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი უკვე იქნება, რადგანაც კურორტ "გოდერძის“ მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე მზარდი მოთხოვნაა.
„ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ტერიტორია უკვე შერჩეულია, ხოლო მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან უკვე ვაწარმოებთ, რომელიც აღნიშნული ბილიკის მშენებლობის ვალდებულებასა და კომპანიების მოზიდვაზე, ან თავად ვერტმფრენების შემოყვანაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე შესაძლებელია აღნიშნული პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდეს და ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე კურორტ "გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა დასრულდეს - აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.
მინისტრი ამბობს, რომ კურორტით ბევრი ექსტრემალი ტურისტია დაინტერესებული და ეს ინტერესი დღითი-დღე იზრდება.
„წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილია კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა. წელს ტურისტების მზარდი დაინტერესების გამო, კერძო კომპანიები თავად ქირაობდნენ ვერტმფრენებს, რათა კურორტზე ტურისტები შემოეყვანათ. მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულების ჩამოსაყვანად რამდენიმე რეისი განახორციელა.
მინდა აღვნიშნო, რომ კურორტზე ტურისტულთან ერთად ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საინვესტიციო პროცესები. კურორტი „გოდერძი“ ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომლის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მლნ ლარის მოცულობის 10 საინვესტიციო პროექტი უკვე ხორციელდება. "გოდერძიზე" მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ჩვენი ეკონომიკური გათვალებით, უახლოეს 3 წელში 200 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციას ველოდებით, რაც 800 ახალ მუდმივ სამუშაო ადგილს და 1300 სასტუმრო ნომერს გულისხმობს“-აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ "გოდერძიმ" გასულ სეზონთან შედარებით ვიზიტორებისა და ტურისტების კიდევ უფრო მეტ რაოდენობას უმასპინძლა.
2016-2017 წლის სეზონთან შედარებით 2017-2018 წელს კურორტ "გოდერძიზე" დატვირთვის კოეფიციენტი 77,37 პროცენტით ხოლო კაც-დღის რაოდენობა 47,80 პროცენტით გაიზარდა.