თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის წიგნის "ნიღბის მიღმა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებას და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.
წიგნში „ნიღბის მიღმა" ოთარ მეღვინეთუხუცესი მკითხველის წინაშე განსხვავებული რაკურსითაა წარდგენილი. წიგნი 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მსახიობის პირად მოგონებებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის ქართულ და უცხოურენოვან ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიო-სატელევიზიო გადაცემებიდან არის მოძიებული. წერილების, პირადი ჩანაწერების ნაწილი და მსახიობის სამუშაო დღიურები პირველად ქვეყნდება.
მეორე ნაწილში შესულია ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორების და სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები, წერილები. მესამე ნაწილში ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და ყოფილი პარტნიორები. მეუღლის შესახებ საუბრობს გურანდა გაბუნიაც. წიგნის დანართში კი თავმოყრილია ინფორმაცია ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯილდოებისა და დამსახურებების შესახებ. წიგნს თან ახლავს აუდიოჩანაწერების კრებულიც, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს თეატრალური დადგმებიდან და რადიოსპექტაკლებიდან.
წიგნი პრეზენტაციაზე დამწრე სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.