"სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე გადავდგით არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩვენ ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის მიმართულებით კიდევ მოგვიწევს მუშაობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს კანონიც და აღსრულებაც.
„მას აქვს, როგორც კულტურული ფესვები, ასევე, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც, რომელთა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობაში, ვისაუბრეთ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, უმრავლესობის არაერთ წევრთან და მინდა, შემოგთავაზოთ მსჯელობა, როგორ უნდა გავამკაცროთ კანონიც და აღსრულებაც, იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ეს უბედურება, რაცა ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, განსაკუთრებული ძალისხმევა დავხარჯოთ, რომ მივიღოთ უფრო ხელშესახები შედეგი. სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც აქამდე გადავდგით და იუსტიციის სამინისტრომ ამ მიმართულებით, პარლამენტთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მოგვიწევს მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.