ევროპარლამენტმა პოლონეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ვარშავისთვის სანქციების დაწესების აუცილებელი პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს. რეზოლუციას მხარი 438 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 152-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
საუბარია ევროკავშირთან შეთანხმების მეშვიდე მუხლის ამოქმედებაზე, რომლის თანახმადაც პოლონეთმა შესაძლოა ევროსაბჭოში ხმის უფლება დაკარგოს. ეს მუხლი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ევროსაბჭო გადაწყვეტს, რომ პოლონეთში ევროპულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.
ბრიუსელსა და ვარშავას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლონეთმა ლტოლვილთა მიღებაზე უარი თქვა. კიდევ ერთი მიზეზი პოლონეთში დაწყებული სასამართლო სისტემის რეფორმა გახდა, რომელიც ევროკავშირში მკაცრად გააკრიტიკეს.