დიმიტრი ლორთქიფანიძე და გია ცაგარეიშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ის იზიარებს დიმიტრი ლორთქიფანიძის ხედვას, რომ ამნისტია განხორციელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილზეც.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად ამნისტია უნდა შეეხოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილს და 273-ე მუხლს. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, 260-ეს მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს შორის განსხვავება არის მხოლოდ ნარკოტიკის სახეობას და რაოდენობას შორის და აუცილებელია, რომ ნარკოტიკის მომხმარებლები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
"პირი რომელიც დაკავებულია ნარკოტიკის მოხმარებაზე იხდის სასჯელს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ პირს, რომელსაც დაკავებისას აღმოაჩნდება ნარკოტიკიანი შპრიციც კი, მას უკვე 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ასამართლებენ. ეს არის უსამართლობა და აუცილებელია, რომ ამნისტიის განხორციელებისას იყოს სამართლიანი მიდგომა" - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, საუბარია მსუბუქ ნარკოტიკზე და მიიჩნევს, რომ ამ პრინციპის განხორციელება იქნება სრულიად შესაძლებელი. აღსანიშნავია რომ ეს ინიციატივა დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააყენა, თუმცა კომიტეტებმა ეს შენიშვნა არ გაითვალისწინეს. ამიტომ გია ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე გეგმავენ ამნისტიის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავებას, სადაც ეს საკითხიც იქნება გათვალისწინებული. არსანიშნავია რომ ლორთქიფანიძე ალტერნატიულ კანონპროექტს შეიმუშავებს საკუთარის სახელით და არა ფრაქციის სახელით. რაგლამენტის თანახმად კი კენჭისყრაზე ჯერ უნდა დადგეს ალტერნატიული კანონპროექტი და ძირითად კანონპროექტს კენჭი მხოლოდ ალტერნატიული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ეყრება.