პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვაშინგტონში კონკრეტული ადამიანები დაიქირავა, რათა ბიძინა ივანიშვილს შეუმსუბუქონ სანქციები, რაც მის მიმართ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დააწესა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ივანიშვილი ლობისტების საშუალებით მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს ისე, რომ საქართველოსთვის არაფერს არ ითხოვს.
"არავის ეგონოს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს არ ანაღვლებს. ანუ, "ჯილდოა" და რაღაცებს რომ იძახიან, ეს არის სრული ბლეფი და სისულელე იმიტომ, რომ ვიცით კონკრეტული ხალხი, ვინც ამისთვის დაიქირავეს და ნაჯახივით ურტყამენ ამ თემას. მაქსიმალურად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს შეუმსუბუქონ ყოფა - არაფერი საქართველოზე, ანუ ეს არის ყველაზე საეჭვო აქაური ამერიკული წრეებისთვის, როდესაც შენ შენთვის ცდილობ სიტუაციის შემსუბუქებას ისე, რომ საქართველოსთვის არაფერს არ ითხოვ. ეს არის ძალიან ნიშნადობლივი, არ გეგონოთ, რომ სანქციები არ მუშაობს. სანქციები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. წლების შემდეგ, აი, ახლა, პირველად გავიგეთ, რომ ჰყავთ ხალხი, რომლებიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აქ მდგომარეა, ტრამპთან და, როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად ცდილობს ამის შემსუბუქებას", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, შეუძლებელია ვითარება შეუმსუბუქდეს "ჩინეთის, ირანისა და ჰეზბოლას მოკავშირე" ივანიშვილს.
შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერები თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ.
წვეულებას, რომელიც დონალდ ტრამპის ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობით გაიმართა, ასევე ესწრებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსმა ამ წვეულებაზე ექსკლუზიურად საქართველოს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი და "ფედერალისტები" მიიწვია.