ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა მასთან საუბრის თითქმის მთელი დრო ომის ისტორიული მიზეზების ახსნას დაუთმო. სტორეს თქმით, საუბრის მონაწილეებს დაახლოებით თანაბარი დრო ჰქონდათ დათმობილი.
სამშაბათს, 27 ოქტომბერს, სტორემ და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. მათი განცხადებით, საუბრის მიზანი ესკალაციის შემცირების შესაძლებლობების შესწავლა და ევროპული დიალოგის არხის შექმნა იყო.
Financial Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საუბრის დროს კრემლის ლიდერი თითქმის მთელი დრო უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ წინაპირობებზე“ საუბრობდა.
სტორემ ინფორმაცია, რომ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, კატეგორიულად უარყო.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ Financial Times-ს ამ ინფორმაციის შესწორებაც ვთხოვეთ, რადგან ის რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, პუტინმა სთხოვა, მიმდინარე ვითარების საკუთარი ხედვა გადმოეცა და ამ კონტექსტში 2014 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენების ისტორია განიხილა.
„ამიტომ მტკიცება, თითქოს ის სლავური ისტორიის შესახებ ლექციას კითხულობდა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“,- ხაზგასმით აღნიშნა სტორემ.
მან ასევე უარყო მტკიცება, რომ საუბარში პუტინს დროის თვალსაზრისით დომინანტური პოზიცია ეკავა.
„საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა. რა თქმა უნდა, გვყავდა თარჯიმანი, ამიტომ დროის ნაწილი თარგმანს ეთმობოდა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დრო საკმაოდ თანაბრად გადანაწილდა. სავარაუდოდ, დაახლოებით თანაბარი დრო დავუთმეთ საუბარს. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ჩამოვაყალიბეთ და მათზე პასუხის მიღება ვითხოვეთ“, - განაცხადა მან.
გამოცემა VG-ის ცნობით, რომელიც Financial Times-ს დაუკავშირდა, გაზეთი აცხადებს, რომ მასალაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს.
„ჩვენ ჩვენი ჟურნალისტიკის ერთგული ვრჩებით“, - განაცხადა გამოცემის პრესსპიკერმა.