18 იანვარს ღამით დაკავებულები რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია ადვოკატებმა დიღმის იზოლატორში მოინახულეს.
რატი ტყემალაძის ადვოკატი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ ტყემალაძე და კვარაცხელია პოლიციამ სავარაუდოდ შეცდომით დააკავა, თუმცა მაინც ასამართლებს.
"სხვა ადამიანების დაკავება ჰქონდათ მიზნად, ეძებდნენ მანიფესტანტს, რომელსაც ჰქონდა ფოიერვერკი და ამ მიზნით რუსთაველის ტერიტორიიდან ზანდუკელამდე აედევნენ. მათ არ ეცვათ პოლიციის ფორმა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება, დაკავებულებს ტიტუშკები ეგონათ და შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციელები აკავებდნენ მათ", - ამბობს მარიამ მაღრაძე.
მისი თქმით, დემონსტრანტებმა დაკავების შემდეგ შეიტყვეს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. იქამდე, ამის შესახებ მათთვის არავის უცნობებია. პოლიციელების იდენტიფიცირება მათი სამოსითაც შეუძლებელი იყო.
"დაკავების საფუძველი არ არსებობდა, აქცია უკვე დამთავრებული იყო და მიდიოდნენ თავისთვის სახლისკენ და აედევნათ სამი ავტომობილი, ეგონათ ტიტუშკები, არც მოწოდება ყოფილა მათი მისამართით და გაიქცნენ. გზა რომ გადაუჭრეს და დააკავეს ამის შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდნენ ფეიერვერკი რატომ ისროლეთო. სხვისი დაკავება უნდოდათ და აერიათ, როცა გაირკვა, რომ მათ არ უსვრიათ გადმოიყვანეს მაინც იზოლატორში", - ამბობს ოთარ კვარაცხელიას ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებიან.