სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მინისტრმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობაზე და პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ლექცია წაიკითხა.
დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებს დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში მიმდინარე ის რეფორმები გააცნო, რომელთა ნაწილი შესრულებული, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია. ლექციაზე საუბარი იყო კონსტიტუციის ახალ პროექტზე, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, საარჩევნო რეფორმებზე, პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობაზე, კონტროლის პალატის ახალ კანონზე, ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური გარანტიების გაძლერებასა და მედიის პლურალიზმის ხელშეწყობაზე.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე, კერძოდ, ახალი პატიმრობის კოდექსზე, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე და პრობაციის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. უნივერსიტეტი მზადაა სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე განათლების რეფორმაში დაეხმაროს.