უკრაინის ცაში „შაჰედები“ მოწმობს რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„რაც შეეხება პუტინის ბოლო მცდელობას, ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით, ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული მოერიშე დრონები გამოჩნდნენ. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს დაცვაზე მუშაობა.
„შაჰედები“ ჩვენს ცაში არის პუტინის რეალური დამოკიდებულება აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილს გამოაცხადა "სააღდგომო ზავი", რომელიც მისი თქმით, ითვალისწინებს ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას უკრაინაში 19 აპრილს მოსკოვის დროით 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.