თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუები ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს, ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“.
გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.
ფიცის დადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ციხიდან ზვიად ცეცხლაძის ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს. ასევე, მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართებიან.