სასამართლომ შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გია წულაძის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაპატიმრება შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. პროცესის მოსამართლის განცხადებით, დანაშაულის ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით არსებობს ბრადებულთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საშიშროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს ინგა წულაძეს, ელენე თუშიშვილს, ზურაბ სოლომნიშვილსა და გიორგი როსტომიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაპატიმრება შეუფარდა.
როგორც ცნობილია, ბრალდებულებს ინგა წულაძესა და ელენე თუშიშვილის ბრალად ედებათ დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და შეკვეთით - ინგა წულაძის მეუღლის, გია წულაძის განზრახ მკვლელობა; ზურაბ სოლომნიშვილს ბრალად ედება: დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად და ანგარებით გია წულაძის განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დამზადება და ტარება, ასევე ქ. ზესტაფონში მცხოვრებ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადება; გიორგი როსტომიშვილს ბრალად ედება: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - გია წულაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის შეუტყობინებლობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.